პროექტი "ფოტო-ზღაპრები" 2 წლის წინ დაიწყო. სერიაში პირველი ხევსურული ზღაპრები იყო. ქართველი არტისტის დათო სიმონიას თქმით, დიდი მოთხოვნისა და ინტერესის გამო, გადაწყვიტა პროექტის გაგრძელება და თუშური ზღაპრების სერიაც შექმნა. ის ტაბულას პროექტის მიზნებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, ჯავახურ ამბებსაც უნდა ველოდოთ.
"დიდი რეზონანსის და მოთხოვნის გამო, გადავწყვიტე გამეგრძელებინა და შარშან, ინსპირაციის ასაგროვებლად წავედი თუშეთში. ძირითადად იქაურ ხალხს და იმ გარემოს ვაკვირდებოდი, რაშიც ამ ადამიანებს უწევდა ცხოვრება. პარალელურად, ეთნოგრაფიულ კვლევებს ვეცნობოდი მთის ფოლკლორზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა თუშურ ზღაპრებად. ბევრს ჰგონია, თითქოს ეს ისტორიები თუშეთში ყოფნისას შევაგროვე, ანუ ავთენტური ფოლკლორია, მაგრამ სინამდვილეში, ესაა ჩემი ალტერნატიული, მხატვრული ზღაპრები და პერსონაჟები, რომლებსაც ძველ ისტორიებთან მხოლოდ მოყოლის მანერა, ანუ ფორმა აკავშირებს.
თავიდან, პროექტის მიზანი უბრალოდ, ჩემს თავში დაგროვებული ირაციონალური იდეების ამოტანა და გაზიარება იყო, მაგრამ თანდათან ფოტო-ზღაპრებს სხვა ფუნქციებიც შეემატა. მაგალითად, ზოგმა აღმოაჩინა, რომ ძველი, ქართული თქმები ძალიან საინტერესო სფეროა და არაფრით ჩამოუვარდება შედარებით თანამედროვე, ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს თუ ლიტერატურას. საბოლოოდ, მთავარი მიზანი ალბათ მნიშვნელოვან და ჩემი აზრით, აქტუალურ ქართულ თემებზე საინტერესო ფორმით მოყოლაა. მაგალითად, ერთი ისტორია ცხოველების მსხვერპლშეწირვაზეა, რაც, მე მგონი, აუცილებლად გადასახედია. მეორე ისტორია დაცლილი სოფლების ტრაგიზმზე, მესამე - ცუდ გზაზე და ასე შემდეგ. ზღაპრების იდეა, თავიდანვე მდგომარეობდა ძალიან მნიშვნელოვანი თემების მეტაფორულად მოყოლაზე. მეც ვცდილობ, ეს იდეა გავაგრძელო და სიმბოლურად მოვყვე იმის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი მგონია.
გამოხმაურება იმდენად დიდი და დადებითია, ვფიქრობ, აუცილებლად შევქმნი პერსონაჟებს სხვა ლოკაციებშიც. ისედაც ბევრს ვმოგზაურობ, ვიღებ ფოტოებს და ბარემ, სხვებსაც დავანახებ, რასაც მე ვხედავ"...
ისტორიები:
- მწყემსებს რომ კითხოთ, გეტყვიან, აგეურამ ყველა ოთხრქიანი თხა მოგვტაცაო. ღვთაებებს რომ დაეკითხო, ბრაზით ჩამოგითვლიან, რამდენი სარიტუალო მსხვერპლშეწირვა ჩაშალა. დევები იცნობენ, როგორც შეშლილ თანასოფლელს, რომელმაც სახლი მიატოვა და მიუვალ კლდეზე განწირული ცხოველებისთვის თავშესაფრი ააგო. სინამდვილეში, აგეურა ცხოველებზე იმდენად შეყვარებული დევია, არც მწყემსების აზრი აინტერესებს, ღვთაებებსაც აუჯანყდა და საკუთარი სოფელიც მიატოვა, ოღონდ საყვარელი არსებები სიკვდილისა და მსხვერპლშეწირვებისგან გადაერჩინა.
- ხაბო მზესავით ძველი და მთვარესავით ბრძენი ღვთაებაა. სანამ მიუვალ კოშკში დაბინავდებოდა, განუწყვეტლივ თუშეთის ველებზე დაქროდა. მისი კუდის ერთ მოსმაზე ბალახებს შიში დატალღავდა და ლოდებს ძრწოლა ააწაკწაკებდა ხოლმე. ახლა იშვიათად გამოდის კოშკიდან, მაგრამ როცა ძლიერი ქარი უბერავს, რიდით ამბობენ, ხაბო გამობრძანებულაო.
- გველეშაპებზე რა გსმენიათ? მე გამიგია, ზოგი კეთილია, ზოგი არც ისე, ზოგი განძს დარაჯობს, ზოგი კიდე - ხალხის კეთილდღეობასო. ნაკუდას განძი, მის სოფელში მოტანტალე ბალღების მშვიდობაა და ამიტომაც, გულმოდგინედ დარაჯობს, დოჭუს ციცაბო ბილიკებზე რომელიმეს ფეხი არ დაუცდეს.
- ომში წასული თუში ვაჟების სატრფოები, ღამ-ღამობით ჩუმად ასველებდნენ ხოლმე ცრემლებით თავიანთ ხელმანდილებს. ვიღაც ყოფილა, ამ ნაჭრებს აგროვებს და მათგან სამოსს იკერავს თურმე. ვერავინ გაიგო, ამას რისთვის აკეთებს - სატრფოების მწუხარებას აგროვებს, მათ სიყვარულს თუ თავისი დიდებული მოსასხამით იმის ჩვენება უნდა, ეგ ორი რამ, ერთად შეკერილიც რომ ლამაზია.
- ამბობენ, თუშეთის გზის ასავლელად, კატის მოქნილობაა საჭირო. იმასაც ამბობენ, ვინც ამ გზას შეუდგება, ისეთივე გრძელი და დაკლაკნილი სულები მფარველობენ, როგორც თავად გზააო. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნისლის ნაფლეთებში თქვენც დალანდავთ მგზავრების მფარველს, დინჯ და მუდმივად ფხიზელ თურსიხას.
- მსმენია, თითქოს თუშეთში გაფანტულ ყველა ლოდს თავისი პატრონი ჰყოლია. კოკლაც ერთ-ერთი ლოდის მფარველია და მთელი დღის განმავლობაში აგროვებს მზის სხივებს, რომლითაც საღამოს საკუთარ ლოდს ათბობს.
- თუშურ კოშკებს თავზე თეთრი ქვები რომ ადგათ, შეგიმჩნევიათ? გარდა იმისა, ეს ქვები ავ სულებს რომ აფრთხობენ, მათში მფარველი სულებიც ცხოვრობენ. ოკალა ერთ-ერთი ეგეთი სულია და თავის კოშკს დღემდე ბზარებს უამებს ხოლმე.
- თუშური საფლავის ქვებთან ილურები თუ დალანდეთ, სევდიანი სახეების ნუ შეგეშინდებათ. ამბობენ, მათი ერთადერთი საქმე ქვებზე წარწერილი ლექსების კითხვაა და ეს ლექსები ისეთი ცოცხლები არიან, საზრდოდ მათაც ჰყოფნითო.
- იყო დრო, აკისა თუშეთის ველებზე დანავარდობდა, მთის მდინარესავით ღონიერი თმა მზეზე ულაპლაპებდა და ხიბლავდა ყველას, ხორციელსა თუ უხორცოს. მხოლოდ ერთი ზნე სჭირდა - ვიღაცას აიკვიატებდა და იქამდე არ ცხრებოდა, სანამ გულს არ ამოაცლიდა. შეშფოთებულმა ღვთაებებმა კოშკზე საგულდაგულოდ მიაბეს და ახლა, შეიძლება დალანდოთ ჩაფიქრებული დემონი, რომელზეც ზოგი ამბობს, ეგ მხოლოდ გულქვებზე ნადირობდა და ხელში რომ ქვას ათამაშებს, იმის გულია, ლამაზმანი აქამდე ვინც მიიყვანაო.