ბიუროკრატია

საქართველოში ერთ მოსახლეზე ორჯერ მეტი ბიუროკრატი მოდის, ვიდრე იაპონიაში

საქართველოს საჯარო სექტორი გაბერილია. ქვეყნის გადასახადის გადამხდელები ინახავენ ათობით საჯარო დაწესებულებას, რომლებიც სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ. საქართველოს ბიუროკრატიული აპარატი სწრაფი ტემპებით იბერება. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს 12,000-ით გაიზარდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მან 283,000-ს გადააჭარბა.

მეტიც, საჯარო მოსამსახურეთა ასეთი დიდი რაოდენობით ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში საქართველო არაერთ ქვეყანას ასწრებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტატისტიკის მიხედვით, 127-მილიონიან იაპონიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.9 მილიონს შეადგენს. იმის მიუხედავად რომ 3.9 მილიონი მთლიანად საქართველოს მოსახლეობას აღემატება, მისი ერთ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში, გამოდის რომ იაპონიაში მოსახლეობის 3.06% არის საჯარო სექტორში დასაქმებული. 3.7 მილიონიან საქართველოში კი სახელმწიფო 283 ათას ადამიანს ასაქმებს, რაც ნიშნავს რომ მოსახლეობის 7.62% ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს. ეს იაპონიასთან შედარებით ორჯერ მეტია.

ანალოგიური მიმართებაა სამხრეთ კორეასთანაც. 51-მილიონიან სამხრეთ კორეაში საჯარო სექტორის ზომა 1.9 მილიონია, რაც მოსახლეობის 3.7%-ს შეადგენს. ასეთივე დაბალია საჯარო სექტორის ზომა თურქეთშიც, 80-მილიონიან ქვეყანაში ბიუროკრატიული აპარატის წილი მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით 3.95%-ია.

OECD-ის სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით ყველაზე დიდი საჯარო სექტორი ნორვეგიას აქვს, რომლის მოსახლეობის 15.5%-იც საჯარო სექტორშია დასაქმებული. ამაში შედიან არამარტო მოხელეები, არამედ ყველანი, ვინც სახელმწიფოს მიერ არიან დაქირავებული, მაგალითად პოლიციელები, ჯარისკაცები და მეხანძრეები. ბიუროკრატიის წილი ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მაღალი OECD-ის წევრ მდიდარ ევროპულ სახელმწიფოებშია და ის 9-15%-ის ფარგლებში მერყეობს.

როდესაც საქართველოს მთავრობის ასეთ კოლოსალურ ზომაზეა საუბარი პირველ რიგში თვალწინ მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები წარმოგვიდგება, თუმცა სინამდვილეში ბიუროკრატიული აპარატის უდიდესი ნაწილი არა სამინისტროებზე, არამედ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე მოდის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 150,000 ადამიანი მუშაობს, მათგან 111,000 შტატიანია, ხოლო 39,000 კი შტატგარეშეა, თუმცა ფაქტობრივად ანაზღაურების მიმღები.

ასეთივე მასშტაბურია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საშტატო რიცხოვნობა და ის სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით 52,000-ს შეადგენს და მათ ანაზღაურებაზე ყოველწლიურად 180 მილიონი ლარი იხარჯება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ - 2011 წელს, მათში 28,000 ადამიანი მუშაობდა, ხოლო ხელფასების ჯამური მოცულობა დღევანდელზე სამჯერ მცირე იყო და 64 მილიონს შეადგენდა.

უწყებების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი განათლების სამინისტროს ბაზაში შემავალ სსიპ-ებში მუშაობს. მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგთა და დირექტორთა რაოდენობა 60 ათასს აღემატება, ეს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე თითქმის ორჯერ მეტია. ასევე მსხვილია კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სსიპ-ების საშტატო რიცხოვნობა, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს კუთვნილი თეატრებისა და მუზეუმების თამაშრომელთა რაოდენობას მოიცავს.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანობაში საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე 1.4 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, თუმცა სინამდვილეში ეს რიცხვი უფრო დიდია, რადგანაც ცენტრალურ ბიუჯეტში არაა განსაზღვრული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უმეტესობის შრომის ანაზღაურების მოცულობები.

შტატგარეშე ბიუროკრატია

შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ გაიზარდა, ასეთი ტენდენცია საკმაოდ ბევრ დაწესებულებაში შეიმჩნევა. IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2011 წელს განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მხოლოდ 7 შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო 2016 წელს მათი რაოდენობა 209-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი 2011 წელს 25 შტატგარეშე დასაქმებული იყო, 2016 წელს კი მათმა რაოდენობამ 131-ს მიაღწია. თბილისის მერიაში 2011 წელს შტატგარეშე თანამშრომელი საერთოდ არ ჰყავდათ, 2016 წელს კი ანაზღაურებას 80 შტატგარეშე მუშაკი იღებდა. პრაქტიკულად გაორმაგებულია თბილისის მერიის ცენტრალური აპარატისა და საქალაქო სამსახურების ზომაც. 2011 წელს უწყებაში 637 ადამიანი მუშაობდა, 2016 წელს კი დასაქმებულთა რაოდენობა 1198 იყო. მერიის მსგავსად შტატგარეშე თანამშრომელი 2011 წელს არც თბილისის საკრებულოში არ ჰყავდათ, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 69-ს შეადგენდა. თავად საკრებულოს აპარატიც გაზრდილია, 2011 წელს ის 171-ს შეადგენდა, 2016 წელს კი შტატიანი თანამშრომლების ოდენობა 247 იყო.

უცხოეთისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის ხანგრძლივობას გააკონტროლებდა. მაგალითად, საფრანგეთში თანამშრომელი შტატგარეშედ შეიძლება მუშაობდეს მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში, შემდეგ ის ან შტატში უნდა ჩასვან, ან გაათავისუფლონ. ისრაელში ეს ლიმიტი 9 თვეს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში კი 3 წელს. საქართველოს შემთხვევაში კი ეს დრო განუსაზღვრელია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო უწყებებს ეკრძალებათ ჰყავდეთ მათი საშტატო რიცხოვნობის 2%-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი. თუმცა, კანონი აქვე აწესებს გამონაკლისს, რომ მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია ამ ლიმიტის გადაჭარბება. IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით მთავრობასთან შეთანხმებით ამ ლიმიტს 71-მა საჯარო ორგანიზაციამ გადააჭარბა.

სამინისტროების არითმატიკული შემცირება

“მცირე მთავრობა”, ეს ის სიტყვებია, რომლებიც ახალი პრემიერმინიტრისგან მამუკა ბახტაძისგან ყველაზე ხშირად გვესმის. ახალი პრემიერმინისტრი მთავრობის შემადგენლობის სამი სამინისტროთი შემცირებასაც გეგმავს, შედეგად სამინისტროთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილება სავარაუდოდ შეეხება კულტურის, დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს.

სამინისტროების რაოდენობა 2017 წელსაც შემცირდა, მაშინ ეს რიცხვი 18-დან 14-მდე ჩამოვიდა. თუმცა ამ შემცირებას ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება არ მოჰყოლია და ის უფრო მეტად ტექნიკურ გადაჯგუფებას წარმოადგენდა.

2017 წელს შემცირებული და შერწყმული სამინისტროების ჩამონათვალი:

  • ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი;
  • კულტურის სამინისტროს შეუერთდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევიდა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო შეუერთდა.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი უცვლელია

ახალმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა ისიც, რომ მისი ხედვით, “მცირე მთავრობა” პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ხარჯების შემცირებას ნიშნავს, თუმცა ამავე წინადადებაში ბახტაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროთა შეკვეცით მიღებული ეკონომია, ანუ 100-120 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებზე მიემართება.

თუ სახელმწიფო მაინც დახარჯავს იმ თანხას, რასაც სამინისტროთა შეკვეცით მიიღებს, გამოვა რომ მთავრობის მთლიანი ხარჯები უცვლელი დარჩება.

2018 წლის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 29.9%-ია.

კომენტარები