ფინანსები

მთავრობა მოსახლეობას განვადება/ლიზინგის უცხოურ ვალუტაში ინდექსირებას უკრძალავს

ტაბულა

პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდელო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, 100,000 ლარამდე საგანვადებო და სალიზინგო ხელშეკრულებების რაიმე სახით უცხოურ ვალუტაზე ინდექსირება აიკრძალება. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ეს მამუკა ბახტაძის უწყების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი უკანასკნელი რეგულაციაა. ამავე საკანონმდებლო პაკეტით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება დაშვებული. ასევე, იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) მიმართ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება, ქვეყანაში სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.

7 მაისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით დამატებით რეგულაციას აწესებს. კონკრეტულად კი ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. იმის გამო, რომ საქართველოში არაფორმალური სექტორის (თვითდასაქმების) წილი საკმაოდ მაღალია იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად აქვთ შემოსავალი, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ სესხის აღება გაურთულდათ. 

მომავალ პრემიერმინიტრ მამუკა ბახტაძეს არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული კომერციული ბანკების მისამართით. მისი თქმით, ბანკები გაკოტრებისთვის განწირულ მოსახლეობას თავზე სესხებს ახვევენ, ბახტაძემ ბანკებს ეკონომიკის მუხრუჭიც უწოდა:

“ბანკების მიერ ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული მოსახლეობისთვის თავზე სესხების მოხვევაში. სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც საბანკო სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი,“- აპრილში ამბობდა ბახტაძე.

კომენტარები