ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: სუბელიანი შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, სინამდვილეში მან საქმე შეაკერინა

რუსთავი 2

პროკურატურის მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. სარალიძე ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, ის ამბობს, რომ მირზა სუბელიანის ბრალი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ ყოფილა და სწორედ მისი დავალებით “შეკერა“ პროკურატურამ საქმე. სუბელიანი შსს-ს მიმართავს დაიკითხონ ამ საქმის პროკურორები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. 

“ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მა, თუმცა აქ არ იყო მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი, ის დამნაშავეა იმ მხრივ რომ მისი დავალებებით კერავდნენ პროკურორები ამ საქმეს. იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთებში ექსპერტებსა და სკოლის დირექტორს კითხავს პოლიცია. მაინტერესებს რატომ არ კითხავენ დღემდე საქმის პროკურორებს? რომლებმაც შეკრეს ეს საქმე ნუ მეთამაშებიან. ჯერ ერთი მე მხოლოდ სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე გამახვილებული ყურადღება, მე მათ ძალიან ბევრი ადამიანის სახელი ჩამოვუთვალე, მაგალითად მიხეილ კალანდია, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა? ხალხი ვინც წესით აქამდე უნდა დაეკავებინათ არ დაუკავებიათ. ნუ მეთამაშებიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებით!“- ამბობს ზაზა სარალიძე.

ოლიციამ მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლითაა დაკავებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სუბელიანი დღეს შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა, ეს გამოძიების ხელახალი დაწყებიდან მესამე დაკითხვა იყო. 

კოდექსის მიხედვით, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 4-წლიანი პატიმრობაა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები