ხორავას ქუჩის საქმე

მეზვრიშვილი: მირზა სუბელიანი სსკ-ს 376-ე მუხლით დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პოლიციამ მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლითაა დაკავებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სუბელიანი დღეს შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა, ეს გამოძიების ხელახალი დაწყებიდან მესამე დაკითხვა იყო. 

კოდექსის მიხედვით, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 4-წლიანი პატიმრობაა.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,“- ამბობს მეზვრიშვილი.

მირზა სუბელიანს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, ის ყოფილი პროკურორის დაკავებას უკვე თვეებია ითხოვდა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები