ქართული მარში

ქართული მარშის 6 წევრიდან 4, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი გირაოთი გათავისუფლდა

ლადო სადღობელაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული მარშის რამდენიმე 4 წევრს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, კიდევ 2 წევრი კი პატიმრობაში დარჩა. 

საპატიმრო დატოვეს ლადო სადღობელაშვილმა, ირაკლი დოლენჯაშვილმა, ოლეგ დანგაძემ და ბექა რევაზიშვილმა. ისინი მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა გირაოთი გაათავისუფლა. 

ხოლო ლუკა ნაცვლიშვილის და გიორგი ონიანის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. 

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა - გიორგი ონიანმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა. 

"ქართული მარშის" 6 წევრი რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". 

მეორე დღეს, "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა დღეს გირაოთი 4 მათგანის მიმართ. 

გიორგი ონიანს გამოძიება სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 126-ე (ძალადობა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლების დარღვევას ედავება, ლუკა ნაცვლიშვილს - 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. 

საქმეზე შემდგომი პროცესი 19 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

კომენტარები