ქართული მარში

მოსამართლე სადღობელაშვილს: ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ეს სასამართლო დარბაზია

პირველი არხი

სასამართლო პროცესზე, სადაც ქართული მარშის დაკავებული წევრების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება, ლადო სადღობელაშვილმა ლოცვის უფლება ითხოვა. 

„მოსამართლევ, მე მოგმართავთ თხოვნით, მომეცით უფლება, წარმოვთქვათ ლოცვა“, – თქვა ძლადობრივი ჯგუფის ქართული მარშის წევრმა სადღობელაშვილმა.

თუმცა, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა სადღობელაშვილის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ბატონო ლადო, ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ უფლებას, თქვათ ლოცვა დარბაზში“, – თქვა მოსამართლე მრელაშვილმა.

"ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". 

მეორე დღეს, "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ონიანს გამოძიება სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 126-ე (ძალადობა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლების დარღვევას ედავება, ლუკა ნაცვლიშვილს - 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. 

კომენტარები