საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 352 ლარი და 50 თეთრია

Reuters

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხევდით, დღეისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხუთსულიანი ოჯახისთვის 352.5 ლარს შეადგენს. ეს თვეში ერთ მაცხოვრებელზე 70.5 ლარია, ანუ დღეში 2.3 ლარი. 

საინტერესია, რომ ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო ფირობს, რომ ამ თანხის მეშვეობით შესაძლებელია ოჯახის თითოეულ წევრს ჰონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მათ მიიღონ ყველა ის საჭირო მინერალები და ნუტრიენტები, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. 

ემპირიული დაკვირვებით, ალბათ ყველას შეუძლია თქვას, რომ ის თვეში 70 ლარად და 50 თეთრად (352-ის ერთი მეხუთედი) სრულფასოვნად ვერ იცხოვრებდა. მაშინ საინტერესოა, რას ითვლის საქსტატი და რას წარმოადგენს სინამდვილეში საარსებო მინიმუმის ცნება.

რა არის საარსებო მინიმუმი და რას ითვლის საქსტატი?

საქართველომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის 17 აპრილს მიიღო. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის აგვისტოს საარსებო მინიმუმი 5 სულიანი ოჯახისთვის იყო 2 ლარით და 30 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე იანვარში. რეალურ ცხოვრებაში რთულია ასეთი შემთხვევა მოხდეს. იმ პირობებში თუ საარსებო მინიმუმში მოხდებოდა მინიმალური კომუნალური სერვისების გათვალისწინება (დენი, გაზი, წყალი) რეალობისგან ასე აცდენილ სურათს არ მივიღებდით. 

საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან:

  • ხორბლის პური - 250 გრამი
  • სიმინდის ფქვილი - 40 გრამი
  • ლობიო - 20 გრამი
  • ბრინჯი - 10 გრამი
  • წიწიბურა - 10 გრამი
  • ძროხის ხორცი - 40 გრამი
  • მაკარონი - 15 გრამი
  • ღორის ხორცი - 20 გრამი
  • რძე - 150 მილილიტრი
  • ხაჭო -15 გრამი
  • ყველი - 20 გრამი
  • ნადუღი - 5 გრამი
  • ბადრიჯანი -10 გრამი
  • საკვების სრული სიის და კოეფიციენტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგ მიღებულ რიცხვს ყოფენ 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 56%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, ტრანსპორტი, კომუნალური მომსახურება, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის კალკულაციაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენი 30% ისევ სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი, რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა, არის ქვეყანაში სურსათის ფასები. ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა დენის და ბუნებრივი აირის ტარიფები და ტრანსპორტის ღირებულება, ამ მაჩვენებლის კალკულაციაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. 

 

კომენტარები