სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

აქციაზე "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" სარალიძეს სთხოვენ ენმ-ს გაემიჯნოს

ვაკის პარკში მიმდიანარე აქციაზე "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" ზაზა სარალიძე მივიდა.

მან განაცხადა, რომ ყოველთვის იქ იქნება, სადაც მისი შვილის მეგობრები იქნებიან.

ამავე აქციაზე იმყოფებიან ბუტა რობაქიძის მშობლები, სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი. მათ ზაზა სარალიძეს მოუწოდეს გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას. სარალიძის პასუხი ამაზე იყო, რომ თვითონ სთხოვა დახმარება პოლიტიკურ პარტიებს და ყველა მოქალაქის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მიუხედვად პოლიტიკური კუთვნილებისა.

ჟურნალისტებმა ზაზა სარალიძეს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ კონკრეტული პარტიები აქციას პოლიტიკური ქულებისთვის იყენებენ. ამაზე სარალიძემ უპასუხა:

"ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ ვიქნები მე ყოველთვის. ნუ მიხსენებთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მე მოვუხმობ ყველა პარტიაში გაწევრიანებულ ადამიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის სადარაჯოზე, მისი მეგობრების და ქართველი ბავშვების სადარაჯოზე იდგება, იმათ გვერდით ვიქნები ყოვეთვის", - თქვა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს შორის გულისხმობს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც და პროკურატურის თანამშრომლებსაც, თუ ისინი მისი მხარდამჭერები არიან.

ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ენმ-სგან გამიჯნვისკენ მოუწოდა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემაც, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მედიის წარმოამდგენლები საუბრობენ აქციის მონაწილეთა მხრიდან საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, რომ ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე სარალიძისგან არ დასტურდება. ის ამ წუთებში აქციაზე მყოფ სახალხო დამცველს ხვდება.

აქცია "აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე" რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ.

"ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ ვაკის პარკში,რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს.

ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქციაზე "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" პოლიტიკოსი მაინც იყო - დავით ლორთქიფანიძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს გუშინ თავად მოუწოდა გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა "სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს". მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში პოლიტიკის ჩართვის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ აიძულა.

"ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა სრულუფლებიან მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავას, მალხაზ მაჩლიკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გუშინ გვიან ღამით შედგა. ისინი დღეს, 18:00 საათზე ხელახლა შეკრებას გეგმავენ, სადაც, მათი თქმით, სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

ამავდროულად, დღეს 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია "ნუ მომკლავ" განახლდება.

კომენტარები