ხორავას ქუჩის საქმე

ნოდია: სანამ პროტესტი ღიად პოლიტიკური არ გახდება, მას სერიოზული შედეგი ვერ ექნება

პროკურორ შოთაძის "ღირსეულად“ გადადგომაზე ფუტურო ლაპარაკის მიუხედავად, ხელისუფლებამ ფაქტიურად აღიარა, რომ პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისას არა მხოლოდ ცნობილი „უნიათობა“ გამოიჩინა, არამედ თვითონ გადადგა კრიმინალური ნაბიჯები დამნაშავეებისთვის ხელის დასაფარად.

ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქუჩაში გამოსული ხალხის ძალიან შეეშინდა. რაც თავისთავად შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არის სერიოზული პრობლემა. გასაგებია, რომ შოთაძის "გადმოგდება“ საქმეს არ შველის, რომ მთლიანად ხელისუფლებაა ამ ვითარებაზე პასუხიმგებელი თავისი ფორმალური და არაფორმალური კომპონენტებით. თუ ასეა, ის შესაცვლელია, ხოლო თუ შესაცვლელია, უნდა ვიცოდეთ, ვისითაა შესაცვლელი.

თემატური "არაპოლიტიკური“ პროტესტები (ჯერ ბირჟა-მაფიაზე, მერე ღამის კლუბების დახურვაზე, ახლა ხორავას ქუჩის მკვლელობებზე) თავიდან კი იზიდავს ბევრ ხალხს, რადგან აშკარა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ შემდეგ მოპროტესტეები ჩიხში აღმოჩნდებიან: რა არის მათი მიზანი? თან ხელისუფლებას ძალიან მკაცრ ბრალდებებს უყენებენ, რაც ლოგიკურად მისი უმაღლესი პირების პასუხისმგებლობას აყენებს, მაგრამ, ამავე დროს, ალტერნატივა არა აქვთ: მართლა რომ წავიდეს ხელისუფლება, ვინ უნდა მოვიდეს? ბექა წიქარიშვილი თუ ზაზა სარალიძე? ხოდა, ბოლოს, ან გახარიას ბოდიშით უნდა დაკმაყოფილდე, ან შოთაძის გადადგომით, ან რაიმე ამგვარით.

კი ვიმეორებ ერთსა და იმავეს, მაგრამ ეს "არაპოლიტიკური პროტესტი“ დიდი სისულელეა. განა პრობლემის ძირი არ ვიცი: დღეს არ არსებობს ოპოზიციური ძალა, ვინც ამ "თემატური" მოპროტესტეების ნდობას დაიმსახურებდა და გააერთიანებდა. ისიც მესმის, რომ რომელიმე პარტიის მცდელობა, ამ უკვე აგორებულ პროტესტს "მოაჯდეს", ბუნებრივ გაღიზიანებას გამოიწვევს. მაგრამ მარტივი ჭეშმარიტება უნდა დაინახოს იმ კარგმა ხალხმა, ვინც ამ აქციებზე დადის: სანამ პროტესტი ღიად პოლიტიკური არ გახდება, ანუ მეტ-ნაკლებად მისაღები ალტერნატული ძალის კონტურები არ გამოჩნდება, მას სერიოზული შედეგი ვერ ექნება. ან რაღაც ანარქიულ ბუნტში გადაიზრდება.

წერს Facebook-ში პოლიტოლოგი გია ნოდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები