კრიმინალი

ჩხუბი და დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის - დაკავებულია ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი დააკავა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაიჭრა ერთი პირი, ხოლო დაშავდა - ორი. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი აღმაშენებლის გამზირზე, ძიუდოისტებს შორის მოხდა. შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირთა ნაწილი მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები  დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას  გულისხმობს"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნეს შესაბამის ექსპერტიზაზე.

"იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიიყვანეს 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები