2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულება

როგორ მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტვირთის მონიტორინგი - შეთანხმების დეტალები

18 მაისს, რუსეთსა და შვეიცარიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების რეალიზაციის შესახებ. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ტვირთბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას გულისხმობდა.

რუსეთი ხელშეკრულების რეალიზაციაზე თანხმობას ხელს ამ დრომდე, თითქმის 7 წლის განმავლობაში არ აწერდა.

ინფორმაცია, რომ შვეიცარიასთან რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფო კონტრაქტს რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიულ კომპანია "სოსიეტე ჟენერალს" შორის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან შემომავალი ტვირთების საბაჟო კონტროლი სწორედ SGS-მ უნდა განახორციელოს.

რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვ.ი ბულავინმა მოაწერა. განცხადების მიხედვით, ამით რუსეთმა ის პროცედურები დაასრულა, რომლებიც 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის დასაწყებად არის აუცილებელი. 

2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების წინაპირობები
 

2009 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას და მის ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ თანამშრომლობის შედეგად რუსეთი პრობლემებს არ შექმნიდა. ამ მიზნით, ერთ-ერთი, რაც აშშ-მ რუსეთს შესთავაზა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება (WTO) იყო.

რუსეთი WTO-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან უშედეგოდ ცდილობდა, საქართველოს კი, რომელიც ორგანიზაციაში 2000 წელს გაწევრიანდა, ვეტოს გამოყენების უფლება ჰქონდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით, ახალი წევრის მიღებას ყველა არსებული წევრის თანხმობა სჭირდება. საქართველომ WTO-ში რუსეთის მიღებას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილების შეცვლის სანაცვლოდ კი საზღვრებზე ნეიტრალური მხარის მიერ მონიტორინგის განხორციელება მოითხოვა.

საბოლოოდ, ინტენსიური და პრინციპული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში, 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერა. სწორედ ამის შემდეგ, 2012 წელს, რუსეთი WTO-ში გაწევრიანდა

სერგი კაპანაძის თქმით, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ამ საკითხებზე უშუალოდ მუშაობდა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით რუსეთმა “აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ“.

„მეორე, ამ ხელშეკრულებაში აღიარა, რომ საქართველოსთან სახმელეთო სავაჭრო კორიდორი არის  სამი – ერთი გადის ლარსზე, მეორე როკზე, მესამე - ფსოუზე. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოლაპარაკებებში მას არ ჰყავდა ჩართული არც აფხაზეთის და არც ცხინვალის წარმომადგენლები. ასევე, მოხდა ამ პროცესის ინტერნაცონალიზაცია, რაც ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი”, - ამბობს კაპანაძე.

რას ითვალისწინებს 2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულება
 

ჟენევაში ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით,  იქმნება სპეციალური ფონდი, რომელსაც ადმინისტრირებას შვეიცარია გაუწევს. ფონდში საქართველოსა და რუსეთის მხრიდან ნეიტრალური კომპანიის დასაფინანსებლად საჭირო თანხები გადაირიცხება.

ნეიტრალური კომპანია ამ შემთხვევაში სწორედ შვეიცარიული კომპანია სოსიეტე ჟენერალია.

“ეს არის საერთაშორისო აღიარებული კომპანია, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შეარჩია და ამ ქვეყნის წინაშეა ანგარიშვალდებული. მისი ამოცანაა, ფიზიკურად ადგილზე განახორციელოს ტვირთის მონიტორინგი და მეორე, შექმნას ელექტრონული ბაზა და კომიტეტის ფარგლებში, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა, მიაწოდოს ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც სავაჭრო დერეფნებიდან შედის ან გამოდის", - ამბობს სერგი კაპანაძე.

სავაჭრო დერეფნები
 

2011 წლის დოკუმენტით, სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა;შეთანხმებაში მხოლოდ ეს მონაცემები წერია და არსად არის ნახსენები კონკრეტულ ადგილმდებარეობათა სახელები.

კოორდინატთა ბადის მიხედვით:

  • ერთი სავაჭრო დერეფანი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, სეპარატისტული რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ ვიწრო ზოლად გადის. ის სოჭთან იწყება და ზუგდიდში მთავრდება.
  • დერეფანი ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმის და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად.  
  • მეორე დერეფანი - ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - მიუყვება ტრანსკავკასიურ მაგისტრალს - გზას, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს.
  • მესამე დერეფანი ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.

7 წელი ხელმოწერიდან რეალიზაციამდე
 

რუსეთმა ხელშეკრულების რეალიზაციას გაფორმებიდან თითქმის 7 წლის შემდეგ დათანხმდა.

სერგი კანაპაძის შეფასებით, ამის საშუალება მას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკამ მისცა.

“რუსეთი აჭიანურებდა იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების რეალიზაცია მას არ აწყობდა და სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ მისცა საშუალება, ამდენი წელი ფეხი ეთრია.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტის ხელმოწერა ჩვენთვის თავისთავად ძალიან კარგია. თუ საქართველოს ამოცანაა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში გვქონდეს დიპლომატიური ფრონტი, შევეცადოთ, რომ ჩვენი კურიკულუმი, პოლიტიკური ბერკეტები დავიცვათ WTO-ს ფარგლებში, მოვახერხოთ ინფორმაციის მიღება ვაჭრობასთან დაკავშირებით და ზოგადად "მივაწვეთ" რუსეთს, ეს არის ძალიან კარგი საშუალება ამისთვის, თუმცა, სწორად გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. თუ არაფერი არ გააკეთეს, ინფორმაცია არ მოითხოვეს, ზეწოლის ქვეშ არ გეყოლა, არაფერი მოხდება ამ ხელშეკრულების შედეგად“, - ამბობს კაპანაძე.

პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთმა ხელშეკრულების რეალიზაციას ხელი თითქმის 7 წლის განმავლობაში არ მოაწერა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აკისრებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ ხარშილაძეც. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკის ფარგლებში ისიც დიდი მიღწევაა, რომ რეალიზაციას ხელი თუნდაც 7 წლის შემდეგ მოეწერა.

ხარშილაძეს ხელისუფლების ამ პოლიტიკის ფონზე ხელშეკრულების განხორციელებაშიც ეჭვი ეპარება.

„გლობალური დათმობის პოლიტიკა რუსეთისთვის თითქმის ყველა სფეროში, რაც გულისხმობს ჩვენს გადაყვანას მეორეხარისხოვან პარტნიორად, ასევე საერთაშორისო ფორმატების დეაქტივიზაცისა და მათ გაუფასურებას, რომლებითაც შესაძლებლობა გვქონდა, ზეწოლა განგვეხორციელებინა. რიტორიკა, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობაში, რაც სრული ნონსენსი იყო - ამ ყველაფერმა იმდენად საფუძვლიანად არასწორი გახადა ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, იმდენად შეასუსტა ჩვენი სტატუსი საგარეო ურთიერთობებში, რომ, როცა უკრაინას ახსენებენ, საქართველო ხან გაახსენდებათ, ხან არა. ეს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, რომ ამ კუთხით რამე ხელჩასაჭიდი სასიკეთო ცვლილება შეიტანოს“.

რაც არ უნდა კარგი იყოს ხელშეკრულების დეტალები, სტრატეგიულად ისეთ წამგებიან პოზიციაში ვართ რუსეთთან, ეს ვერაფერს შეცვლის“, - ამბობს ხარშილაძე.

კომენტარები