საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი შსს-ს: დროულად გამოავლინეთ კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაული

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედების დროულად გამოვლენისკენ, ეფექტიანი გამოძიებისა და დამნაშავე პირთათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს

ამის შესახებ დღეს ომბუდსმენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ის შსს-ს ასევე მიმართავს, რომ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აზრით, აუცილებელია რომ მომავალში, ნეონაცისტური ჯგუფების შეკრების დროს შესაძლო რისკები დროულად შეფასდეს და შსს-მ დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის შესაბამისი ზომები მიიღოს.

"მიუხედავად იმისა, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ფიზიკური დაპირისპირების რისკი, კონტრაქციის მონაწილეები არაერთგზის ცდილობდნენ კორდონის გარღვევას. ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაარღვია პოლიციის კორდონი და აცხადებდნენ, რომ აქციის დარბევას გეგმავდნენ. გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა დაარტყა სახის არეში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია სხვა ძალადობის ფაქტებზეც", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი.

"დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ისეთი მოწოდებები, რომელიც არის ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის მათი განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. ასევე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, აუცილებელია, შესაბამის პირთა ქმედებით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე, იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები