თურქეთი

ღაზას სექტორში მომხდარი დაპირისპირების გამო თურქეთმა ისრაელის ელჩი გააძევა

AP

ღაზას სექტორში პალესტინელი მომიტინგეების და ისრაელის სამხედრო ძალების დაპირისპირების შედეგად 60-მდე პალესტინელის დაღუპვის გამო თურქეთმა ქვეყნიდან ისრაელის ელჩი გააძევა.

ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ორშაბათს თურქეთში ათასობით ადამიანმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა.

გარდა ამისა, თურქეთმა ისლამური თანამშრომლობის ქვეყნების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნა გააკრიტიკა და ღაზას სექტორში დაღუპულთათვის 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის სამხედრო ძალების ქმედებას "გენოციდი" უწოდა, ხოლო ისრეალს "ტერორისტული სახელმწიფო".

თურქეთის პრეზიდენტი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც განაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვიტა იყოს პრობლემის ნაწილი და ამიტომ საერთაშორისო შუამავლის როლი დაკარგა. მისივე თქმით აშშ-მა ამ ქმედებების გამო გააჩინა შეგრძნება, რომ კვლავ "მეორე მსოფლიო ომამდე, ბნელ დღეებში ვცხოვრობთ."

თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით აშშ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეა.

"სამწუხაროდ, აშშ ისრაელის ადმინისტრაციას უდგას მხარში, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს და მათი პარტნიორია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში." "ეს პროვოკაცია მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს რეგიონში და გამოიწვევს უფრო ღრმა დაყოფას ისრაელი-პალესტინის ურთიერთობებში, რაც რეგიონში სამშვიდობო პროცესებს გაართულებს." თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯით საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს და "შიგნით ხანძარს გარეთ ცეცხლის გაჩაღებით ცდილობს."

შეგახსენებთ, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო ჩართვით მიმართა. ცერემონიას დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

საელჩოს გახსნამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვართან. მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და ისრაელის არმიას ქვები დაუშინეს. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათი ნაწილი საზღვარზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდა.

ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 58 პალესტინელი დაიღუპა.

დაშავდა 2,700-ზე მეტი. მათ ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. ისრაელის ძალებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებებიც გამოიყენეს.

ღაზას სექტორის საზღვართან პროტესტი დღესაც გრძელდება. დღეს პალესტინელთათვის ნაკბას (კატასტროფა) დღეა, როდესაც, 1948 წელს ასობით ათას პალესტინელს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ქმედებებს თავდაცვა უწოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომელთაც მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს აშშ-მა ისრაელის განცხადებას მხარი დაუჭირა და ღაზას სექტორში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

კომენტარები