17 მაისი

საპატრიარქო: ვისაც აგრესიული განწყობა აქვს, 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობას ნუ მიიღებს

1tv

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 17 მაისთან და ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ზოგიერთი მოქალაქის და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან "შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა". მან საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 17 მაისის მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას.

"არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი" - თქვა ჯაღმაიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

საპატრიარქომ 17 მაისს გასამართი ღონისძიებები რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მათი განრიგით, 10:00-ზე დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთში, 11:30-ზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან, ხოლო 12:00-ზე დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან. პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ, ქაშუეთთან დაილოცება ექვსშვილიანი ოჯახები.

"13:00-ზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი" - აცხადებს საპატრიარქო.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები