რუსეთი-სირია

რუსეთი ასადისათვის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდებას აღარ აპირებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთი სირიის მთავრობა S-300 ტიპის სარაკეტო სისტემებს აღარ მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Izvestia daily ავრცელებს.

გადაწყვეტილების შეცვლა 9 მაისს რუსეთში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტს მოჰყვა. ნეთანიაჰუმ და პუტინმა შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება თავი დაიცვას ირანული აგრესიისაგან. გავრცელებული ცნობით, ისრაელმა თავდასხმის განხორციელებამდე ამის შესახებ რუსეთის ძალებს ინფორმაცია მიაწოდა.

რუსულ მედიაში სირიის მთავრობისათვის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდების თაობაზე ინფორმაცია აპრილის ბოლოს გავრცელდა. კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმებმა რეგიონში ატმოსფერო შეცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამ სარაკეტო დარყმებმა რუსეთს საკუთარი მოკავშირის, ბაშარ ალ-ასადისათვის სარაკეტო სისტემებზე წვდომის შეზღუდვის მორალური ვალდებულება მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სირიაში არსებულ ირანის ძალების ინფრასტრუქტურაზე დარტყმები 10 მაისს მიიტანა. გავრცელებული ცნობით, დარტყმები ირანის იარაღის საწყობებზე და ტექნიკურ და სადაზვერვო ცენტრებზე განხორციელდა.

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით არმიის ანტისარაკტო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების ჩამოგდება შეძლო, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით რაკეტების ნაწილმა მიზანს მიაღწია და დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი.

ისრაელის ეს ქმედება ირანის მიერ სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლას მოჰყვა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ისრაელის განცხადებით ზარალი მინიმალურია, რადგან რაკეტების ნაწილი თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ნაწილმა მიზანს ვერ მიაღწია და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და რუსეთი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები