17 მაისი

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

კარიბჭე

17 მაისს სამების ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაია გონჯილაშვილმა უთხრა. მისი თქმით, ჯვრისწერის მსურველი რამდენიმე წყვილი უკვე დარეგისტრირდა, თუმცა, რეგისტრაცია გრძელდება და ჯვრისწერის მსურველთა კონკრეტული ციფრი მოგვიანებით დაზუსტდება. 

„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მოძღვარი დაწერს. შემდგომ კი შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, – თქვა გონჯილაშვილმა.

გონჯილაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ასევე თქვა, რომ საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ტარდება. ამდენად, წყვილების რეგისტრაცია საპატრიარქოს ჩოხოსანთა სადროშოებშიც მიმდინარეობს. ჯვრისწერები რეგიონებშიც ჩატარდება. 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ის მსოფლიოს 120 ქვეყანაში აღინიშნება. 

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ 17 მაისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 1990 წლის გადაწყვეტილების გამო შეირჩა - სწორედ ამ დღეს WHO-მ ჰომოსექსუალობა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 

2013 წელს თბილისში ჰომოფობიის საწინააღმდეგო მცირერიცხოვანი აქცია ათასობით ადამიანმა - სამღვდელოებამ და მოქალაქეებმა, ძალადობრივად ჩაშალეს. ერთი წლის შემდეგ კი, 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, 17 მაისი ოჯახის დღედ და მშობლების პატივისცემის გამოცხადდა და მას შემდეგ ყოველწლიურად შესაბამისი ღონისძიებები იმართება.

კომენტარები