ნატო-საქართველო

ნატო საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

NATO

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით, ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ჯონათან პერიშმა გააფორმეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება.

"თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტსა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს", - აღნიშნავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები.

კომენტარები