კრიმინალი

ბიზნესმენ კახიძის მკვლელობაში ბრალდებული პასუხისგებაში მისცეს, გამოცხადდა ძებნა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებული პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, განზრახი დანაშაულისთვის სამჯერ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჩ. მივიდა ქ, თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე მცხოვრებ ნ.კ.-სთან და განზრახ მოკვლის მიზნით, მაყუჩიანი „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებიდან ესროლა ნ.კ.-ს და ამავე ოჯახის დამხმარე ქალს - თ.ბ.-ს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული გ.ჩ. 2 მაისს განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მასზე გამოცხადდა ძებნა. გ.ჩ. სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის 3 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიმალვაში მყოფ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნუგზარ კახიძე მიმდინარე წლის 21 მარტს, თბილისში მოკლეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეს შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობა იყოს და ბიზნესის წილების გამო დაწყებულ დავას უკავშირდებოდეს.

კომენტარები