ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
„ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია. დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მაისის ბოლოს სრულად დასრულდება რკინა-ბეტონის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟი.
"ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
აეროპორტს 6 გასასვლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.