გირჩი

პოლიციამ ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩიაც დააკავა

გირჩის წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა, რის გამოც ის ქავთარაძის ქუჩაზე "შეაჩერეს". პოლიციელებს კი "სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა".

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების  მოთხოვნას.

"მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ" - აცხადებს შსს. 

გირჩი მომხდარს შემდეგნაირად ყვება: 

მათი გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 2018 წლის 2 მაისს, შუადღის დაახლოებით 5 საათისთვის, გირჩის ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა "უხეში ფიზიკური მოქმედებებით" სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. 

"ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ჩითილიანი ქოთანი ეჭირა. როგორც გირჩის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ქოთანი პოლიციელებთან სადემონსტრაციო მიიტანეს, რომ სხვისი დაკავების შემთხვევაში, გირჩის წევრებიც ჯგუფურად დაეკავებინათ, როგორც ამ "დანაშაულის ჩამდენები". თუმცა, მათ მხოლოდ ობოლაძე დააკავეს -"ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე".

ობოლაძე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

კომენტარები