პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დებატები მიმდინარეობდა, დატოვა.

ამის მიზეზი დებატების ფორმატთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა გახდა.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა მას დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მისცემოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

"ეს ცოტა სირთულეს ქმნის, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როცა მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით კონკრეტულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რამე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს იქნებოდა რეგლამენტის დარღვევა, რადგან პროცედურები ზუსტად არის დადგენილი და პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ეკუთვნით ჯერ ფრაქციებს, შემდეგ სხვა სუბიექტებს და ამის შემდეგ არის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვა​.

"თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვა და ბუნებრივია, ყველა კითხვას გასცემთ პასუხს. სხდომა მიმყავს რეგლამენტის შესაბამისად, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა თქვენი მეგობარი, ბატონი ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ გააკეთონ შესაბამისი ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომას, რომელიც დისკუსიაში შესვლის საშუალებას არ აძლევს, არ დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, კანონს ეწინააღმდეგება.

"გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. დასკვნით სიტყვაში ვიტყვი თუ შუაში, ეს ჩემი გადასაწყვეტია. შეიძლება საერთოდ არ ვთქვა დასკვნითი სიტყვა და შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან. [...] წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას, რომელიც არ მალევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, გელოდებით", - თქვა მარგველაშვილმა და დარბაზი დატოვა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა.

"ეჭვი მიჩნდება, რომ წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი იყო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უცნობია, დაბრუნდება თუ არა დარბაზში პრეზიდენტი. ამ წუთებში დეპუტატები განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილი სხდომის მიმდინარეობისას ჩაერთოს დისკუსიაში.

კომენტარები