დონალდ ტრამპი

ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ჩრდ. და სამხრ. კორეას შორის საზღვარს განიხილავს

flickr

უახლოეს მომავალში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა იგეგმება. შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია. სავარაუდოდ, ის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგება, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეხვედრის ადგილი. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და შესაძლო ლოკაციად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა დაასახელა.

"ბევრი ქვეყანა განიხილება შეხვედრისათვის, თუმცა, ხომ არ იქნებოდა მშვიდობის/თავისუფლების სახლი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე უფრო წარმომადგენლობითი, მნიშვნელოვანი და უპირატესი ადგილი, ვიდრე მესამე სახელმწიფო? უბრალოდ ვკითხულობ!"

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა.

მათ საუბარი საზღვართან არსებულ სოფელ პანმუნჯომში, მშვიდობის სახლში გამართეს. სტუმრების წიგნში კიმ ჩენ ინმა ჩაწერა:

„ახალი ისტორია აქედან იწყება, მშვიდობის ერაში ამ ისტორიული საწყისით.“

სწორედ ამ სახლს განიხილავს შეხვედრისათვის დონალდ ტრამპი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონებს მაისში დახურავს, რის შემდეგაც ქვეყანა გადადგმული ნაბიჯის შეფასებისთვის საერთაშორისო ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მიიწვევს.

ამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

კომენტარები