ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8% შეადგინა.

"არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. შედეგად, ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს" - აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.

"პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. ამავე დროს, შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მაღალია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები