ბიძინა ივანიშვილი

ნოდია: ივანიშვილის "დაბრუნება" უპირველეს ყოვლისა მარცხის აღიარებაა

ბიძინა ივანიშვილის "დაბრუნება" პოლიტიკაში არის, უპირველეს ყოვლისა, მარცხის აღიარება. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მმართველობის ის მოდელი, რაც მან საკუთარ პარტიას და ხალხს შესთავაზა: სახელმწიფოზე კონტროლის შენარჩუნება მიმდინარე მმართველობის მენეჯერებზე გადაბარებით - არაეფექტური ყოფილა. ამან გამოიწვია შიდა დაპირისპირებები, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მისი ღიად ჩართვა გახდა საჭირო.

რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმის ირიბ აღიარებასაც, რომ "არაფორმალური მმართველობის" ბრალდებები აქამდეც მართალი იყო. ფაქტიურად, ხდება არაფორმალური მმართველობის ერთი მოდელის შეცვლა მეორით, თუმცა შედარებით უფრო გამჭვირვალით. პრემიერი ისევ არ არის ნამდვილი პრემიერი, ის უბრალო მენეჯერია, ქვეყანას პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობს. ეს ადრეც ვიცოდით, ახლა ეს უფრო თვალსაჩინო ხდება.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ივანიშვილმა შიდა დაპირისპირებები შეიძლება დაარეგულიროს. მაგრამ საბოლოოდ, მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს არა მგონია მისთვის მომგებიანი იყოს. გამოდის, რომ სისუსტე გამოიჩინა

საკუთარ facebook-ზე წერს პოლიტოლოგი გია ნოდია. გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან გადადგა, ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

კომენტარები