რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი

ზვიადაძე: არ ვთვლით, რომ აუცილებელია რელიგიურ გრძნობებზე კანონმდებლობის გამკაცრება

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე
youtube.com

საპატრიარქოს პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძის თქმით, საპატრიარქო არ თვლის, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით", თუმცა, მისივე განცხადებით, საჭიროა, "ერთი მხრივ, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, მკაფიო ზღვარი გაევლოს, რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა". 

"ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა, ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არა მხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ სხვების - იქნება ეს იუდეური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა. საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. გვაქვს პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა, საჭიროა შემუშავდეს რაღაც პრინციპები, გარკვეული ორიენტირები, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, მკაფიო ზღვარი გაევლოს, რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", - თქვა გიორგი ზვიადაძემ. 

საქმე ემზარ კვიციანის კანონპროექტს ეხება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. კერძოდ, მისი ინიციატივით, კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. 

ამ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 

კომენტარები