საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Sputnik Армения

ოპოზიციის ლიდერი სომხეთში ნიკოლ პაშინიანი დღეს, 23 აპრილს გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პაშინიანის გათავისუფლება პირველ ვიცეპრემიერთან, კარენ კარაპეტიანთან, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. 

"ჩვენი მოქმედებების ლოგიკა არ შეცვლილა. საღამოს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი იქნება, თუმცა მანამდე მჭირდება, რომ არსებულ სიტუაციას გავეცნო, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას,"- თქვა პაშინიანმა ჟურნალისტებთან. 

ოპოზიციის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაკავებული (დაახლოებით, 200-მდე აქტივისტი) უნდა გათავისუფლდეს.

კითხვაზე, რა მოლაპარაკებები შედგა პირველ ვიცეპრემიერსა და მას შორის, პაშინიანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მიტინგზე იტყვის. 

"მე უახლოესი ორი საათის განმავობაში განცხადებას არ გავაკეთებ, დღევანდელ მიტინგზე მე ვუპასუხებ ყველა კითხვას და ყველაფერს მოვყვები,"- თქვა პაშინიანმა. 

პაშინიანთან ერთად სომხეთის პარლამენტის კიდევ ორი დეპუტატი არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი გაათავისუფლეს. 

ნიკოლ პაშინიანი პოლიციამ გუშინ დააკავა. NEWS.AM-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, პაშინიანის წინამძღოლობით ერებუნის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრისკენ მიემართებოდნენ, გზად კი მათ პოლიციელების კორდონი დახვდათ. დემონსტრანტებმა კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პაშინიანი დააკავეს. 

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს დაიწყო. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ - პარლამენტმა ამ პოსტზე სარგსიანი ერთადერთ კანდიდატად დაასახელა. სომეხი ხალხი ფიქრობს, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ძალაუფლეას სამუდამოდ შეინარჩუნებს, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეც, პრემიერმინისტრისა კი - გაიზარდა. 

გუშინ აქციაზე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს. ჯამში აქციებზე 200-მდე აქტივისტია დაკავებული. 

დღეს დემონსტრანტებს 200-მდე ჯარისკაცი შეუერთდა.

კომენტარები