სურსათის ეროვნული სააგენტო

გლდანის ბაზრებში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის 200 კგ-ზე მეტი ხორცი დაილუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანის აგრარული ბაზრების, შპს "მერკადოს" და შპს "სუზალას" ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმების შედეგად ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამის გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

"სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს "მერკადოს" ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ინფორმაციითვე, 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში. ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

კომენტარები