აშშ-ის კონგრესი

ვეს მიტჩელი: სირიის რეჟიმისადმი მოსკოვის მხარდაჭერა აშშ-სთვის მიუღებელია

baltictimes.com

18 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ვეს მიტჩელმა განაცხადა, რომ აშშ სირიაში რუსეთთან დაპირისპირებას არ ეძებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებას არ შეუშინდება.

"ჩვენ არ გვსურს რუსეთთან დაპირისპირება, თუმცა ჩვენი ძალები არ დააყოვნებენ საჭირო და პროპორციული ძალის გამოყენებას თავის დასაცავად. სირიის რეჟიმისადმი მოსკოვის მხარდაჭერა მიუღებელია ამერიკისა და ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის." თქვა მან.

მიტჩელის თქმით რუსეთი არ იზიარებს ამერიკის სტრატეგიულ მიზნებს სირიაში და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ნაცვლად ბომბებს სხვა მებრძოლების და მშვიდობიანი მოსახლეობისაკენ მიმართავს, რაც, მისი თქმით რუსი დაქირავებული სამხედროების აშშ-ის ძალებზე უშედეგო თავდასხმით და კოალიციის მიერ სირიის რეჟიმზე სარაკეტო დარტყმების წინააღმდეგ წარმოებული რიტორიკითაც გამოჩნდა.

მიტჩელის თქმით მოსკოვი აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში ირანის გავლენების გაძლიერებას და ხელს უშლის სამშვიდობო პროცესებს. მისი თქმით რუსეთი სირიას რეგიონში გავლენის მოპოვების საწყის ეტაპად განიხილავს და ამის მისაღწევად მზად არის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

რუსეთის გარდა მან რეგიონში თურქეთის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს აშფოთებს თურქეთის გაზრდილი კავშირები რუსეთსა და ირანთან, განსაკუთრებით კი ოპერაცია "ზეთისხილის რტო", რომელსაც აშშ მხარს არ უჭერს და რომელიც თურქეთმა რუსეთთან შეთანხმებით განახორციელა. გარდა ამისა, მიტჩელმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარას მიერ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენამ შესაძლოა სანქციების დაწესება გამოიწვიოს.

კომენტარები