აშშ-ის კონგრესი

მაკკეინი: კონგრესი უკრაინაში დემოკრატიის მდგომარეობით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს, უკრაინაში ადამიანების ძირითადი უფლებების დარღევევასა და დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, კონგრესი უკრაინელი მაღალჩინოსნებისადმი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

''საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს. წინასწარ რთულია თქმა, თუ როგორი იქნება რეზულტატები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ძალიან შეშფოთებულები ვართ სიტუაციით, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიის მდგომარეობას ეხება", - განაცხადა მაკკეინმა.

მისივე თქმით, კონგრესში არ სჯერათ, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად დააკავეს. მაკკეინი აღნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის დასკვნა.

''ეს არის დიდი ქვეყანა, კარგი სტრატეგიული მდგომარეობით და ჩვენ გვესმის უკრაინის მნიშვნელობა აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. მე ვიცი, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც კარგად იცნობს უკრაინას, სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია'', - აღნიშნა მაკკეინმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორი მაკკეინი, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილს და უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ტარასიუკს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს. 

კომენტარები