აშშ-ის კონგრესი

ბობ მენენდესი: აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში უნდა შეიყვანოს

ბობ მენენდესი
Washingtonexaminer

დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა დონალდ ტრამპის ამინისტრაციას მოუწოდა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში შეიყვანონ.

მისი მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას მოჰყვა.

"კიმ ჩენ ინის ნათესავის ტაილანდში მოწამვლის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმში და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს მსგავსი ზომები რუსეთის წინააღმდეგ." თქვა ნიუ ჯერსის დემოკრატმა სენატორმა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას აღიაროს რომ რუსეთის მთავრობა კვლავ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკელებისათვის და ჩვენი მეგობრებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. აშშ და დიდი ბრიტანეთის სხვა მოკავშირეები მათ მხარში უნდა დაუდგნენ ამ უტიფარი თავდასხმის შემდეგ."

ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში აშშ-ს ირანი, სირია, სუდანი და ჩრდილოეთ კორეა ჰყავს შეყვანილი. ტერორიზმის სპონსორების სიაში შეყვანა კონგრესის მიერ უკვე დაწესებული სანქციების გამკაცრებასაც მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხვდება . რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას აეხსნა თუ რატომ გამოიყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული იარაღი დადგენილ ვადაში არ უპასუხა. პრემიერმინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საპასუხო ქმედებები უნდა გამოაცხადონ.

დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ვიზებზე შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და დიდი ბრიტანეთში Russia Today-ს მაუწყებლობის შეჩერებას განიხილავს.

გუშინ დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოფიციალური მოსკოვის დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და გამოძიების მასალების გაცნობამდე ულტიმატუმზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები