აშშ-ის კონგრესი

კონგრესმენი ენგელი: სამარცხვინოა, რომ ზოგჯერ საქართველოს ოკუპაციას ვივიწყებთ

კონგრესმენი ენგელი

ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უნდა უყურებდეს, როგორ ახდენს რუსეთი ზეწოლას თავის მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ესწრაფვიან - ეს განცხადება აშშ-ის კონგრესისა და წარმომადგენელა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ელიოტ ენგელმა, რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ივიწყებს დასავლეთი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს, ენგელმა უპასუხა:

"დიახ, ვივიწყებთ და გულახდილად უნდა გითხრათ, ჩვენდა სამარცხვინოდ ვივიწყებთ. ზოგჯერ ჩვენ ლამის თვალს ვხუჭავთ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაკეთებდეთ. პუტინს ჰგონია, რომ შეუძლია მივიდეს სადაც სურს და ვითარება აურ-დაურიოს, სხვები კი რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებას თითქოს არ იმჩნევენ. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელსაც გამუდმებით უნდა ვაყენებდეთ და არ ვივიწყებდეთ".

გასულ კვირას, კონგრესმენმა ენგელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, საგანგებო წერილი მისწერა, რომელშიც ქვეყნის საგარეო უწყებას რუსეთის მეზობელთა მხარდასაჭერად, უფრო აქტიურად მოქმედებისკენ მოუწოდა.

"რუსეთი იწყებს ბატონობას და ვფიქრობ, რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მისი ქცევა, რომ ის არ მოგვწონს და რომ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ნებით სურთ, რომ არ დააშინონ ნვთობისა თუ გაზის გადაკეტვით, ან მათი პროდუქციის ბოიკოტირებით. აშშ-ის მორალური ძალა ძალიან დიდია მთელ მსოფლიოში. ეს ქვეყნები კი თავს მიტოვებულად გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს. არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დააშინონ პუტინმა და რუსეთმა. ეს გასაგები უნდა იყოს და სწორედ ამიტომ მივწერე წერილი სახელმწიფო მდივან კერის, რომ ჩვენ აღარ უნდა მოვითმინოთ ამგვარი ქმედება".


კომენტარები