Rotting Christ

Rotting Christ: "სატანიზმის" და ტერორიზმის ბრალდებით თბილისში 12 საათით დაგვაკავეს

Rotting Christ

მეტალ-ჯგუფის, Rotting Christ-ის სოლისტი, საკის ტოლისი და მის ძმა, ჯგუფის წევრი, დემის ტოლისი თბილისის აეროპორტში 12 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. მათი თქმით, მიზეზი ჯგუფის სახელი გახდა - Rotting Christ ქართულად ითარგმნება, როგორც "ხრწნადი ქრისტე".

ბერძნული მეტალ-ჯგუფი თბილისში კონცერტის გასამართად ჩამოვიდა, რომელიც Redrum Festival-ის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზატორებს თქმით, დილის 04:15 წუთზე ჯგუფის წევრებს პასპორტები ჩამოართვეს და საკანში 12 საათით გამოკეტეს. 

ფეისბუქის გვერდზე Rotting Christ-ს სოლისტი, საკის ტოლისი წერს: 

"თბილისში 12 აპრილს, ძალიან ადრე ჩავედით. საზღვარზე საბუთების ჩვეულებრივი შემოწმება გავიარეთ, რის შემდეგაც, აეროპორტიდან გამოსვლისას მე და ჩემი ძმა პოლიციამ შეგვაჩერა. რამდენიმე წუთის შემდეგ გვითხრეს, რომ პოლიციას უნდა გავყოლოდით აეროპორტის სხვა ნაწილში და ჩვენთვის კითხვები დაესვათ მანამ, სანამ ქვეყანაში შევიდოდით. ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები და პასპორტები.

როდესაც ვიკითხეთ, რა მიზეზით დაგვაკავეს, გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. მოგვიანებით ჩვენმა ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასასურველი პირების სიაში ვართ "სატანისტობის" გამო, ამიტომ, ტერორიზმშიც ვართ ეჭვმიტანილები.  

წინასწარი გაფრთხილების და ოფიციალური მიზეზის გარეშე, პატარა ბინძურ საკანში აღმოვჩნდით. არ გვქონდა კონტაქტი გარესამყაროსთან ან ჩვენს წარმომადგენელთან საელჩოში 12 საათის განმავლობაში. პირობები იყო ცუდი და ამ დროის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ მიგვიღია. 

საბედნიეროდ, არასასურველი პირების სიაში მხოლოდ ტოლისები ვიყავით და ბენდის დანარჩენმა ორმა წევრმა ადგილობრივ პრომოუტერთან ერთად ჩვენი პატიმრობიდან დახსნა სცადა. ადგილობრივი პრომოუტერული კომპანიის მძიმე შრომის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გაგვათავისუფლეს. საბოლოოდ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, კონცერტი ჩაგვეტარებინა. შესანიშნავი ღამე გამოვიდა. ასევე გვინდა, ჩვენს მეტალის ძმებს მადლობა გადავუხადო აბსოლუტური მხარდაჭერისთვის

Rotten Christ-ი საქართველოდან სომხეთში გართულებების გარეშე გადავიდა". 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ჯგუფის წევრები არ დაუკავებიათ, უბრალოდ მათ საბუთებს ამოწმებდნენ. 

"არავინ არ დაუკავებიათ, ისინი ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. უბრალოდ შეფერხებული იყვნენ აეროპორტში საბუთების გადამოწმების მიზნით", - აცხადებენ შსს-ში. 

კომენტარები