სავალუტო რეზერვები

გვენეტაძე: სავალუტო რეზერვები ჯერ კიდევ ჩამორჩება IMF-ის მიერ რეკომენდირებულ ნიშნულს

კობა გვენეტაძე
ტაბულა

"საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება სსფ-ს კომპოზიტური მაჩვენებლის მიერ რეკომენდირებულ ნიშნულს", - ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია რეზერვების მოცულობა დამატებითი ფინანსური სახსრებით შეივსოს - "აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა" ამბობს ის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, IMF-ის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეისთვის ეროვნული ბანკის რეზერვები $3 მილიარდს შეადგენს. საქართველომ სავალუტო კრიზისის გამო რეზერვების გარკვეული ნაწილი დაკარგა. 2013 წლამდე არსებულ მაჩვენებლებს რეზერვები მხოლოდ 2017 წლის ბოლოს დაუბრუნდა. სავალუტო რეზერვების ზომას ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მისი ზრდას საქართველოს საკრედიტო რეიტინგზეც დადებითი გავლენა ექნება.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

2018 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ინტერვენცია 3 აპრილს ჩაატარა, ბანკმა $20 მილიონი შეისყიდა.

რეზერვების შესყიდვას ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის გაძლიერებასთან ერთად გაახშირებს. 

სავალუტო ინტერვენციებს ლარის კურსზე აქვს გავლენა. ლარის კურსი სავარაუდოდ, უფრო მყარი იქნება მაშინ თუ სებ-ი ამ თანხას არ შეისყიდის. 

კომენტარები