დაპირისპირება ოცნებაში

კალაძე: პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება არ არსებობს

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება არ არსებობს და არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. 

გუშინ რუსთავი 2-მა გაავრცელა მიმოწერა, რომლებიც არხის ინფორმაციით, ქართული ოცნების საერთო ჩათიდანაა. არხის ინფორმაციით, წერილები გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახავს. 

"პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. მესმის, რომ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება. უმრავლესობა თავისუფალ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გუნდში მსჯელობისას, არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს და ერთი კაცის გემოვნებაზე იყო აგებული სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის მართვა. არავის გარიცხვაზე მსჯელობა არ არის. ყველაფერი დალაგდება." - ამბობს კალაძე. (კალაძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს)

ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერი, ამაზე ქართული ოცნების წევრები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები