დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კობახიძე: პარლამენტში ნამდვილად არსებობს გუნდი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მას პარლამენტში ჰყავს გუნდი, რომელიც არის მისი "უშუალო საყრდენი". 

"ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე [თამარ ჩუგოშვილი], პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები [გია ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, ილია ნაკაშიძე], უმრავლესობის ლიდერი [არჩილ თალაკვაძე], ფრაქციის თავმჯდომარე [მამუკა მდინარაძე]. პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია. ეს ნორმალური პროცესია პარლამენტში, როცა იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი არიან მოადგილეები და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის,"- თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ურთიერთობა აქვს ყველა, 116-ვე დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ მხრივ, დისკუსიის ნაკლებობა არ აქვთ. 

"20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა გასულ წელს და ოცივე მათგანთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან ძალიან დემოკრატიული პროცესებია და ხშირად თავისუფალი კენჭისყრებიც ტარდება. მაგალითად- კვოტირებასთან, ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით,"- ამბობს კობახიძე. 

რაც შეეხებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც ირაკლი კობახიძესა და პარლამენტში მასთან დაახლოებულ გუნდს აკრიტიკებენ და პარტიის დატოვებაზე საუბრობენ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მალე დისკუსია შედგება და ისინი შეეცდებიან, დეპუტატებთან ურთიერთობა დაალაგონ. 

მისი თქმით, გუნდში რამდენიმე წევრმა შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა მათ არ სცალიათ იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გაჩნდეს პარტიაში. 

"გაკიცხვა, ბუნებრივია, არასწორი სიტყვაა, როცა საქმე ეხება თანაგუნდელებს, თუმცა პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან. ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ საუბარი თითოეულ დეპუტატთან. პირობები იქნება, რა თქმა უნდა. პირობები მარტივია. დაირღვა დისციპლინა, მაგალითად, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის დისციპლინის დარღვევის გამოვლინება და ამ შემთხვევაში ეს განხილული უნდა იქნეს და უნდა შეფასდეს. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში, გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. 

ჩვენ გვქონდა ცნობილი შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც,"- თქვა კობახიძემ. 

კომენტარები