სირია

აღმოსავლეთ ღუტაში ასადის ძალებმა ამბოხებულების უკანასკნელი ქალაქი დუმა აიღეს

აღმოსავლეთ ღუტა, სირია
Getty Images

რუსული მედიის ინფორმაციით სირიის სამთავრობო ძალებმა დედაქალაქის მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელი ქალაქი დუმა აიღო და დროშა აღმართა.

ამბოხებულები სირიის მთავრობის ძალების მიერ რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დანებდნენ. "ჯაიშულ ისლამის" დაჯგუფება ქალაქ დუმას დატოვებას კვირას რეგიონში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ დათანხმდა.

რუსული მედიის მიხედვით აღმოსავლეთ ღუტადან მოსახლეობის და ამბოხებულების გამოსვლას რუსული სამხედრო პოლიცია ხელმძღვანელობდა. ქალაქი დუმა 40,000-მდე ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი მინისტრებთან ერთად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ სამხედრო ქმედებებს განიხილავს. მსჯელობა აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო ქმედებებზე მიმდინარეობს.

The Daily Telegraph-ის მიხედვით მეიმ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გადაადგილების და სირიის სამხედრო ძალებზე დარტყმისათვის მზადყოფნის ბრძანება გასცა.

გუშინ დონალდ ტრამპი სირიაში ასადის რეჟიმზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მუქარას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"რუსეთი გვპირდება რომ სირიისაკენ გასროლილ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, იმიტომ, რომ ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა! თქვენ არ უნდა იყოთ იმ ცხოველის პარტნიორები, რომელიც გაზით ადამიანებს კლავს და ეს სიამოვნებს!"

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები