რუსეთი-სირია

Reuters: დაქირავებული რუსი სამხედროები სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით დაფრინავენ

Reuters

რუსული კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანიები სირიაში საიდუმლო ფრენებს ახორციელებენ. ინფორმაციას როიტერი თვითმფრინავების მეთვალყურეობის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს

როიტერის მიერ გამოქვეყნებული მასალით, ფრენების მარშრუტი საქართველოს საჰარეო სივრცეზეც გადის. 

სამხედრო კონტრაქტორები დაქირავებული შეიარაღებული რაზმები არიან, რომლებიც სირიაში ასადის მხარეს იბრძვიან. ისინი მისიებს და ბრძანებებს რუსეთის სამხედრო ძალებისაგან იღებენ. რუსეთი მათ პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად იყენებს. 

იმისთვის, რომ სირია ამბოხებულებს გაუმკლავდეს, ბაშარ ასადს და მისი მოკავშირეებს, რუსეთს, ირანს და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰესბოლას სამოქალაქო თვითმფრინავებზე წვდომა სჭირდებათ, რათა მათი მეშვეობით კონტრაქტორი მებრძოლები გადაიყვანონ და აღჭურვილობა გადაიტანონ. ვაშინგტონმა მათთვის ამ ფრენებზე წვდომის შეზღუდვა სცადა სირიასა და ირანის მიმართ საექსპორტო შეზღუდვების დაწესებითა და ფინანსთა სამინისტროს სანქციებით, რაც ამ ქვეყნების ავიაკომპანიების შავი სიების შედგენაში გამოიხატა. 

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა მრავალი სხვა კომპანიაც, რომლებიც შუამავლობაში დაადანაშაულა. 

მიუხედავად ამისა, სირიაში კონტრაქტორი მებრძოლები საჰაერო ტრანსპორტით მაინც ხვდებიან. 


ფოტო: Reuters

როიტერის ცნობით, ოფიციალური ინფორმაციით, რომლებიც გამოცემამ უკრაინიდან მოიპოვა, ბოლო წლებში, ათობით თვითმფრინავი უკრაინაში, ორ კომპანიაში, "ხორსსა" და "დარტში" დარეგისტრირდა. ეს კომპანიები ყოფილმა საბჭოთა სამხედრომ თავის თანამებრძოლებთან ერთად დააფუძნა. ეს თვითმფრინავები გაიყიდა ან ლიზინგით გადაეცა ირანულ და სირიულ ავიაკომპანიებს. 

ერთ-ერთი კომპანია, "ხორსი" და ყოფილი მაიორი, სერგეი მონჩანი, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა შავ სიაში 2011 წელს შეიყვანა, სირიისა და ირანისთვის ვაშინგტონის ნებართვის გარეშე თვითმფრინავების მიყიდვის ბრალდებით. 

თუმცა, ბოლო წლებში "ხორსმა" და "დარტმა" სანქციების გვერდის ავლით 84 მეორეული "აირბასი" და "ბოინგი" შეიძინეს. მათგან სულ მცირე, 40 ირანში, სირიასა და ერაყში ახლაც გამოიყენება. 

როიტერი მკითხველს აჩვენებს ხრიკებს, რომლებსაც სირია აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყენებს, ასევე რუკას იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მარშრუტით მოძრაობენ ეს თვითმფრინავები.

დოკუმენტების კვალი


ფოტო: Reuters

როიტერის ცნობით, 2009 წელს ორი "ბოინგი" ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირდა. მათ ფლობს VTB ბანკი, სიდიდით მეორე რუსული ბანკი. ის, თავის მხრივ ფლობს VTB ლიზინგს, რომელიც თავის მხრივ შპს VTB ლიზინგის მფლობელია. 

VTB ლიზინგის საკუთრებაა ირლანდიური Traffer aircraft leasing, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში ამ ორ თვითმფრინავს ფლობდა. Traffer aircraft leasing-მა ერთი "ბოინგი" Gersham Marketing-ს მიჰყიდა, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიას, რომლებსაც სამხედრო კონტრაქტორები სირიაში სამხრეთ რუსეთიდან გადაჰყავდა. მეორე ბოინგი კი - ასევე ოფშორულ კომპანია Overseas Finance and Management Limited-ს

2016 წელს ეს თვითმფრინავები უკრაინაში იყვნენ დარეგისტრირებულები - ერთი "ხორსში", ერთი კი "დარტში".

მარშრუტი
 

სამხედრო კონტრაქტორები როსტოვიდან დამასკოში ჩასაფრენად ორ მარშრუტს იყენებენ. ორივე მათგანი საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადის. ფრენები, როგორც წესი, ღამით ხორციელდება. 


ფოტო: Reuters

რუსული კერძო სამხედრო რაზმების შესახებ კრემლსა და სირიაში დეტალურად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში.

 

კომენტარები