ქართული მარში

ოცნების დეპუტატი ქართულ მარშზე: ახალგაზრდებმა ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ "ქართული მარშის" წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაგმო. დეპუტატი მომხდარს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 აპრილს გამოეხმაურა. 

"დღეს, სამწუხაროდ, ზოგიერთს მართლმადიდებლობის და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰგონია, ხოლო მათი მხრიდან უზნეობაზე პროტესტის გამოხატვა - დანაშული. ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება და უმტყუნა მოთმინებამ, პატიმრობის შეფარდება არასამართლიანი და არამართლზომიერია. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, რადგან ქრისტიანობა დაფუძნებულია სიყვარულზე და ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ ძალადობის პროვოცირებაც დასაგმობი და მიუღებელი უნდა იყოს. 

ქართველ ადამიანს აქვს მოთმინების დიდი უნარი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ერის რჩეულ ადამიანებს, ზნეობასა და ღირსებას, მოთმინება და დუმილი დანაშაულია. სხვას ვერ მოსთხოვ შენი ერის პატივისცემას, თუ შენ თვითონ არ სცემ პატივს შენს წარსულსა და ისტორიას. ღირსებააყრილი, საკუთარი წინაპრების შეურაცხმყოფელი, დამონებული და უთავმოყვარეო ერი არც ევროპას სჭირდება და არც არავის. ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და არავის უნდა მივცეთ ჩვენი ერის, სარწმუნოების, წმინდანების და წინაპრების შეურაცხყოფის უფლება. 

სამწუხაროდ, ქვეყანაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გაუპროტესტებია აღნიშნული ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ზნეობისა და ღირსების დაცვა არ ფინანსდება, ამისთვის გრანტებს არ იძლევიან", - თქვა ალექსანდრე ერქვანიამ. 

"ქართული მარშის" 6 წევრს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვით თავისუფლების აღკვეთა 23 მარტს შეუფარდა.

ისინი რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტის საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - გაბუნიამ სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". 

მეორე დღეს "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას ძალადობრივი ჯგუფის წევრები იწონებენ და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მეტი ასეთი ადამიანი უნდა იყოს.

კომენტარები