რუსთავი 2-ის საქმე

ევროსასამართლომ ომბუდსმენი და საია რ2-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართო

რუსთავი 2

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთავი 2-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის დაფიქსირება თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არცერთი მხარის სახელით არ წარადგენენ. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოდან ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას მიიღებენ, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, სასამართლო მეგობრის მიერ წარდგენილ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

"ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს პრეროგატივა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ ვადებში, 28 მარტს წარუდგინა.

საქმესთან დაკავშირებით ტაბულა ესუბრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ორგანიზაციაში განმარატავენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეს პროცესების დაწყებიდანვე აკვირდებოდნენ და ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ევროსასამართლოსაც წარუდგენდნენ კონკრეტულ მოსაზრებებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

"ჩვენ ვითხოვეთ მესამე მხარედ ჩართვა ამ საქმეში, რაც ნიშნავს აბსოლუტურად მიუკერძოებელ დამკვირვებელს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი, რომელიც არის მიუკერძოებელი. ის არ წარმოედგენს არც ერთი მხარის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაკეთებთ შეფასებას ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე და მხარის სასარგებლო რაიმე არგუმენტაციაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, ობიექტური მოსაზრების წარმდგენები იმ საკითხების ირგვლივ, სადაც გაგვაჩნია კონკრეტული კომპეტენცია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სამართლებრივი საკითხები, სამართლებრივი პრინციპების დონეზე", - აცხადებს ტაბულასთან საია-ს იურისტი, თამარ აბაზაძე.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოში ორ საკითხზე ითხოვა მოსაზრების წარდგენა.

"ერთი არის ხანდაზმულობის ვადები სამოქალაქო სარჩელის წარდგენასთან მიმართებით. კონკრეტულად, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, როგორ განიხილავდა ის ხანდაზმულობის საკითხს რუსთავი 2-ის საქმემდე და ამ საქმის შემდეგ. მეორე საკითხი არის საქმეების განაწილების წესი, ანუ როგორ უნდა ნაწილდებოდეს სასამართლოში საქმეები ისე, რომ არ იყოს დარღვეული დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპი", - ამბობს თამარ აბაზაძე.

მისივე ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ საია სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართო, ორგანიზაციას ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

ოფიციალური დასტური არ მიუღიათ არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. უწყებაში ტაბულასთან განმარტეს, კონკრეტულად რაზე გააკეთეს განაცხადი.

"მიგვაჩნდა, რომ საქმე იყო მნიშვნელოვანი. სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების და საკუთრების უფლების კუთხით იყო საქმეში შეკითხვები და აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ადამიანის უფლების დამცველ ორგანოს, გვინდოდა წარმოგვედგინა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრებები. ზუსტად არ ვიცით პასუხი, რა ნაწილში დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა. პროცედურის მიხედვით, ამ ფარგლებს თვითონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს. იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზის გარდა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს ტაბულასთან სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

იუსტიციის სამინისტრო ასევე ავრცელებს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებსაც საქმეში ჩართვაზე უარი ეთქვათ: ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი.

კომენტარები