ომბუდსმენის ანგარიში 2017

ლგბტ ადამიანებზე ძალადობის მაჩვენებელი მაღალია - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში

ტაბულა

ომბუდსმენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში ლგბტ პირთა შესახებაც არის საუბარი. 

სახალხო დამცველი მათ მიმართ ძალადობაზე საუბრობს და ყურადღებას მათთვის გენდერული იდენტობის და/ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით წართმეულ უფლებებზე ამახვილებს. 

ძალადობა ლგბტ+ პირებზე

როგორც ოჯახში, ასევე საჯარო სივრცეში ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ აპარატი არაერთ განცხადებას შეისწავლის, სადაც ლგბტ+ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ.

ანგარიშში მითითებულია, რომ სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე და არ თანამშრომლობენ შსს-ის გენერალურ ინსპექციასთან და პროკურატურასთან, რადგან არა აქვთ განცდა, რომ საქმეს დროულად და სამართლიანად გამოიძიებენ. რიგ საქმეებში კი რთულია მტკიცებულების მოპოვება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს, სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მათგან 12 საქმეზე შეუწყნარებლობის სავარაუდო ნიშანი სექსუალური ორიენტაცია იყო, 37 საქმეზე კი - გენდერული იდენტობა.

რაც შეეხება ლგბტ თემთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესულ შეტყობინებებს: 2017 წელს სულ 21 შეტყობინება/განცხადება შევიდა, საიდანაც დისციპლინური გადაცდომის ფაქტი 9 შემთხვევაში არ დადასტურდა, 8 საქმე შს სამინისტროს სხვა უწყებას გადაეცა, პროკურატურას კი მხოლოდ 1 საქმე გადაეცა და მასზე გამოძიება მიმდინარეობს. ასევე, 2 საქმეზე გრძელდება სამსახურებრივი შემოწმება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განსაკუთრებით ხშირია მიმართვიანობა ტრანსგენდერი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

ომბუდსმენი წერს, რომ სამწუხაროდ, სამართალდამცავ უწყებას არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ეფექტიანი რეგულირების სტრატეგია, მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით შემოიფარგლება და პრობლემის სისტემურ ხასიათს ვერ უმკლავდება.

2017 წელს რამდენიმე შემთხვევაში, ლგბტ+ თემის წარმომადგენლებმა ისარგებლეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სერვისის მიღება მათთვის კვლავ დაკავშირებულია რიგ ბარიერებთან, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს პერსონალის კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის ამაღლება.

ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში 

საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

"საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ პირებისთვის კვლავ დღის წესრიგში დგას განათლების, დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით თემის წევრები ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმის შედეგია, რომ თემის წევრები არ არიან საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსაკუთრებით რთულია ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობა განათლების უფლებით სარგებლობის კუთხით, მათ შორის განათლების უფლება ეზღუდებათ იმ არასრულწლოვან პირებს, რომელთაც არაკონფორმული გენდერული იდენტობა აქვთ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება, რომ საჯაროს სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეებში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების აღმოფხვრა, რაც მტრულ გარემოს ქმნის და აღნიშნული სივრციდან მათ გარიყვას იწვევს", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლგბტ+ პირთა ხელმისაწვდომობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსა და ინფორმაციაზე შესაძლებელია შეიზღუდოს პირის არაკონფორმული სექსუალური ქცევის, გამოხატვისა და იდენტობის გამო.

ასევე, თემის წევრები ხშირად მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+ პირების სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე. 

ომბუდსმენი ტრანსგენდერი ადამიანების სექსის შესახებ პირადობის მოწმობაში ჩანაწერზეც საუბრობს და მიუთითებს, რომ ეროვნული კანონმდებლობა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუკი პირს ჩატარებული აქვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია. არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამედიცინო ჩარევა (მათ შორის, სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის ჩათვლით) საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევა. შედეგად, ტრანსგენდერი პირები მათი გენდერული იდენტობის ზუსტად ამსახველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე რჩებიან, რაც, ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით, მათ სოციალურ გარიყვას და მათი უფლებების დარღვევას იწვევს.

კომენტარები