ომბუდსმენის ანგარიში 2017

ომბუდსმენი: პროკურატურა ბრალდებულის ადვოკატთან სატელეფონო საუბარს ფარულად უსმენდა

on.ge

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ერთ-ერთ საქმეზე პროკურატურა ერთი თვის განმავლობაში ფარულად უსმენდა ბრალდებულისა და მისი ადვოკატის სატელეფონო საუბრებს. 

ომბუდსმენისთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამის გამო ადვოკატის მიერ შეტანილი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ მიმოიხილა ნორმატიული მასალა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ევალება ადვოკატთან კონფიდენციალური ურთიერთობის პატივისცემა, თუმცა არ დააკმაყოფილა საჩივარი. მოსამართლის აზრით, გამოძიებისთვის ზედმეტ სირთულეს შექმნიდა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული სატელეფონო ნომრებისთვის მოსმენა. აღნიშნული მსჯელობით მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ გამოძიებისთვის ცნობილი იყო ადვოკატის ტელეფონის ნომერი. ასეც რომ არა, ადვოკატის იდენტიფიცირებისთანავე მოსმენა უნდა შეწყვეტილიყო, რაც არ მომხდარა", - წერს სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშში და აღნიშნავს, რომ პროკურატურის ეს ქმედება საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული დაცვის უფლების უხეში დარღვევაა. 

ასევე, სახალხო დამცველის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მონაცემების თანახმად, საერთო სასამართლოებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ 2017 წელს განხილული 6147 შუამდგომლობიდან მხოლოდ 132 არ დააკმაყოფილეს. მათგან სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას 548 შუამდგომლობა ეხებოდა, საიდანაც 499 სრულად, ხოლო 21 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ომბუდსმენი წუხს, რომ მთავარი პროკურატურა ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებს.

"სტატისტიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია საუბარი იმაზე, სრულდება თუ არა კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვალდებულებები, როგორიცაა ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტისთვის მიწოდება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის განადგურება, საგამოძიებო მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა და სხვა კანონისმიერი მოთხოვნები", - წერს სახალხო დამცველი და ამბობს, რომ ადვოკატისა და ბრალდებულის ფარულად მიყურადების შესახებ ​ზემოთხსენებული შემთხვევა კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლის აუცილებლობას ადასტურებს. 

კომენტარები