ეგვიპტე

ეგვიპტეში არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი, სისი გაიმარჯვებს

აბდულ ფათაჰ ალ-სისი
AP

26-28 მარტს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქმედი პრეზიდენტი, აბდულ ფათაჰ ალ-სისი მეორე ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს. მისი ერთადერთი ოპონენტი მისივე მხარდამჭერი მუსა მუსტაფა მუსაა. მოსალოდნელია, რომ სისი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, თუმცა მთავარ შეკითხვად რჩება ის, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ოპონენტების დევნის და ამორჩევლის მოსყიდვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. სისის წინასაარჩევნო კამპანია და ხელმოწერების შეგროვება საარჩევნო პროცედურების დაწყებამდე ჰქონდა დაწყებული. გავრცელდა ცნობები ხელმოწერების ყიდვის შესახებაც (დაახლოებით 5 აშშ დოლარად).

ყოფილი პრემიერმინისტრის, აჰმედ შაფიკის ოჯახმა განაცხადა, რომ ის 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული და აიძულეს კანდიდატურა მოეხსნა.

ყოფილი გენერალი სამი ანანი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს და ბრალად სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა წაუყენეს, რადგან მან კანდიდატურა არმიის მხრიდან თანხმობის მიღების გარეშე წამოაყენა.

კანდიდატურა მოხსნა ლეიბორისტული პარტიის ("პური და მშვიდობა") ლიდერმა, ხალიდ ალიმაც. მისი პარტია სამოქალაქო დემოკრატიული მოძრაობის ალიანსში შედის, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის, ანვარ ას-სადათის ძმისშვილის, მუჰამედ ანვარ ას-სადათის თქმით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან საკუთარი და მასთან მომუშავები პირების უსაფრთხოება არ იყო დაცული. მისივე თქმით "ლოგიკის მიხედვით რეჟიმმა ორ, სამ ან ოთხ ადამიანს მაინც უნდა მისცეს სისის წინააღმდეგ მონაწილეობის უფლება, რათა ლეგიტიმური ჩანდეს, თუმცა, როგორც ჩანს, არც კი ადარდებთ როგორ გამოჩნდება ეს."

მუსა მუსტაფა მუსამ, რომელიც ალ-ღადის პარტიას ("ხვალინდელი პარტია") წარმოადგენს, საკუთარი კანდიდატურა რეგისტრაციის ბოლო დღეს 47,000 ხელმოწერასთან ერთად წარმოადგინა. გარდა ამისა მან პარლამენტის 26 წევრის მხარდაჭერა რეგისტრაციის ბოლო ვადამდე 15 წუთით ადრე მოიპოვა. ის სისის მხარდამჭერია და მიმდინარე წლის 20 იანვრამდე სისის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელმოწერებსაც კი აგროვბდა, თუმცა ახლა ამტკიცებს, რომ ქვეყნის მომავლისათვის გეგმები აქვს (რომლებიც სისის გეგმებს ემთხვევა) და ის რეალური კანდიდატია.

ეგვიპტური მედიის მიხედვით არჩევნებს 53 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და და 9 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება 60 მილიონამდე ეგვიპტელს შეუძლია, თუმცა საეჭვოა რამდენი მოინდომებს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომლიც შედეგიც უკვე გადაწყვეტილია. მიუხედავად უეჭველი გამარჯვებისა, სისის სანეერვიულო მაინც აქვს. მისი პოპულარობა საუდის არაბეთისათვის წითელ ზღვაში მდებარე ორი კუნძულის მიყიდვამ, და განსაკუთრებით კი სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან წარუმატებელმა ბრძოლამ საგრძნობლად შეარყია.

გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად 2 აპრილს გამოცხადდება.

კომენტარები