NATO-საქართველო

ნატოს წევრმა ქვეყნებმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა დაგმეს

საგარეო საქმეთა სამინსტრო

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით  შეშფოთება გამოხატეს და საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა დაგმეს. ასევე, მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.

26 მარტს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ისაუბრა, როდესაც მან რიგით მეათე „წლიური ეროვნული პროგრამა" წარადგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა. 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი და დადებითად შეაფასეს „წლიური ეროვნული პროგრამით“ წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგი. დოკუმენტი შეფასდა, როგორც შედეგზე ორიენტირებული, ამბიციური და ყოვლისმომცველი. მოკავშირეების მიერ ყურადღება გამახვილდა რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც უფრო აახლოებს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან.  
 
დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შესაბამისად იქნება ასახული, როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტებში, ასევე მის ფარგლებში გასამართი შეხვედრების ფორმატებში.
 
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას.

კომენტარები