სექსუალური შევიწროება

შსს დევდარიანის საქმეზე: მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა

შსს მოუწოდებს ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას ზვიად დევდარიანის შესახებ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოსაკითხად საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდნენ.

სიდა-ს ყოფილი დირექტორის საქმეზე გამოძიება შსს-მ 23 მარტს ადევნების მუხლით დაიწყო.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი - ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი - 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი - [email protected]).“

ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 17 მარტს 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

 

კომენტარები