სექსუალური შევიწროება

სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა

ზვიად დევდარიანი სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. მისი შეცვლის საკითხი სიდას გამგეობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

"გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი" - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროებასა და ძალადობას.

"გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს. 

გამგეობის წევრებმა, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდას სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან" - ნათქვამია სიდას განცხადებაში.

ცნობისთვის, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

კომენტარები