თავდასხმა რუსთავი 2-ზე

სადღობელაშვილს რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ლადო სადღობელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ე.წ ქართული მარშის წევრი, ლადო სადღობელაშვილი დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სადღობელაშვილს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ლადო სადღობელაშვილი ე.წ ქართული მარშის კიდევ 5 წევრთან ერთად პოლიციამ გუშინ, 19 მარტს დააკავა - ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-ის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემეს ჟურნალისტ დავით ერაძესაც

ჯგუფის წევრები პოლიციის შეკითხვებს ამ დრომდე პასუხობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

ე.წ ქართული მარშის პროტესტი გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტმა გამოიწვია. სიუჟეტის წარდგენისას ჟურნალისტმა იხუმრა და თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები