გიორგი გაბუნია

სულხან სალაძე: გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა

ტაბულა

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა და რამე ტიპის სანქციაზე საუბარი რეალურ საფუძვლებს აბსოლუტურად მოკლებულია. 

საქმე გიორგი გაბუნიას ტექსტს ეხება, რომლითაც მან გადაცემა პოსტსკრიპტუმის ერთ-ერთი სიუჟეტი წარადგინა. ჟურნალისტმა თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

ამის გამო ე.წ ქართული მარშის წევრები გუშინ რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ბოდიში მართლაც მოიხადა, ასევე თქვა, რომ რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ გაბუნიას საყვედური გამოუცხადა. 

„ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაეკისრება წამყვანს. ჩვენ ვთქვით, რომ მართალია, საკითხი განიხილა შესაბამისმა ეთიკის კომისიამ „რუსთავი 2“-ში, მაგრამ იქვე დავაფიქსირეთ და ჩვენს განცხადებაში არ ყოფილა არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ის განცხადება, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა გადაცემის წამყვანთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვეთანხმებოდით. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა გადაცემის წამყვანი და იქ რამე ტიპის სანქციაზე საუბარი არის აბსოლუტურად მოკლებული რეალურ საფუძველს.

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მათ რელიგიურ შეხედულებებს ამით მიადგა ზიანი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი. მაგრამ ის, რაც ხდებოდა „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ ჯდება იმ სტანდარტში, რომლითაც შეიძლება მშვიდობიანი ფორმით ადამიანებმა თავიანთი პროტესტი გამოხატონ, რადგან ვსაუბრობთ სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე, რომელიც გამოძიების პროცესში უნდა იყოს შესწავლილი და გამოყენებული, ასევე გადამოწმებული შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ", - ამბობს სულხან სალაძე. 

კომენტარები