გიორგი გაბუნია

"ოცნებასთან" დაახლოებული ძალადობრივი ჯგუფები - ვინ მოუწყო აქცია რუსთავი 2-ს

7 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა, რუსთავი 2-ის წინ აქცია გაიმართა. ისინი არხის დახურვას მოითხოვდნენ და შენობაში შეჭრაც კი სცადეს. 

აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა ნაწილი სახელისუფლებო გუნდთან, ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები არიან. 

ირაკლი ბარამიძე

აქციის ერთერთი მთავარი ორგანიზატორი ირაკლი ბარამიძეა, რომელიც პორტუგალიაში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და დღეს კი უკვე ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" შტაბს ხელმძღვანელობს. 

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბარამიძეზე ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე პორტუგალიაში ძებნაა გამოცხადებული. წყარო ყვება, რომ ბარამიძე პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს ატყუებდა და საბუთების მომზადებაში უწევდა დახმარებას. 2014 წელს პორტუგალიაში მსგავსი საბუთებით 27 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ბარამიძის პარტნიორები. თავად ბარამიძე ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა, რადგანაც მის კანდიდატურას მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი კონსულის თანამდებობაზე განიხილავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ საელჩოდან წერილი მიიღო, მისი კანდიდატურა გამოირიცხა და მალევე პატრიოტთა ალიანსში გადავიდა. 

ტაბულას წყარო ასევე ყვება, რომ ბარამიძე აქტიურად თანამშრომლობდა და მეგობრობდა პორტუგალიის უშიშროების სამსახურის (SIS) ყოფილ თანამშრომელთან, ფრედერიკო კარვალაოსთან, რომელიც 2016 წელს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 2018 წელს გაასამართლეს კიდეც. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარვალაო რუსეთს ნატოსა და ევროკავშირზე არსებულ კლასიფიცირებულ დოკუმენტებს რუსეთს გადასცემდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ ირაკლი ბარამიძე პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს საბუთებს სწორედ მისი დახმარებით უყალბებდა.

გიორგი გიგაური

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი გიორგი გიგაურია, რომელიც 2016 წლის 22 მაისს კორცხელში გამართული არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სხვებთან ერთად თავს დაესხა. სხვადასხვა დოკუმენტური მასალა მოწმობს, რომ მან ამისთვის იმ დროს ვიცეპრემიერ კახა კალაძისგან ფული აიღო. გიგაური 3 ივნისს ზუგდიდის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

--

მათ გარდა, რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციაზე ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს ლგბტქ+ ადამიანთა უფლებების შეზღუდვას ითხოვდნენ და მათზე ძალადობით იმუქრებოდნენ. მაგალითად, ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ემუქრებოდა.

 

კომენტარები