ზვიად დევდარიანი

მიხეილ ბენიძე: მიუღებელია სექსუალური შევიწროების ფაქტებზე თვალის დახუჭვა

ტაბულა

სამართალიანი არჩევნების [ISFED-ის] აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, საკუთარ Facebook გვერდზე, ქალთა მოძრაობის მიერ, ზვიად დევდარიანის ქალების სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ფაქტს გამოეხმაურა.

ბენიძის თქმით, სამოქალაქო სექტორი ისეთივე პრინციპული და კრიტიკული უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ, როგორც სხვა აქტორების მიმართ.

"დღეს მძიმე დღე იყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სწორედ ასეთი გამოწვევების დროს გვაქვს შანსი კიდევ ერთხელ კრიტიკულად გავიაზროთ საკუთარი როლი და მოვმართოთ ღირებულებათა კომპასი. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორი იყოს ისეთივე პრინციპული და კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, რასაც ითხოვს სხვა აქტორებისაგან. ეს შეიძლება იყოს მტკივნეული, უხერხული და არასასიამოვნო მაგრამ, ქალთა მოძრაობამ დღეს ასეთი პრინციპულობის მაგალითი დაგვანახა.

სექსუალური შევიწროება და ძალადობა მიუღებელია! მიუღებელია ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა, მათი დაკნინება ან იგნორირება, რადგან ეს მსხვერპლს კიდევ უფრო ასუსტებს და ართმევს უნარს თავი დაიცვას. ამიტომ უმნიშვნელოვანესია სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა და მე მინდა ეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოვხატო.

ბუნებრივია, ამასთან ერთად, არ მიმაჩნია სწორად ქვების სროლა, მორალისტობა და მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, მიუხედავად ბრალდებების სიმძიმისა. ასეთ დროს, ადვილია დავკარგოთ ჰუმანურობა და გავწიროთ ადამიანები, რაც ჩვენ თვითონვე გვაქცევს მოძალადეებად." - წერს ბენიძე. 

ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანი 10-მდე ქალის შევიწროებაში დღეს დილით დაადანაშაულა. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია.

კომენტარები